წმ.დავით და კონსტანტინეს ცხოვრების რედაქციები

, , ,

davit-konstantine1

თუესა ოკტონბერსა წმიდათა და უძლეველთა

მოწამეთა დავით და კოსტანტინესი

 

 

ესე უძლეველნი მოწამენი იყვნეს ნათესავით ქართველნი საზღვართაგან

აფხაზეთისათა, სანახებთაგან არგუეთისა. აზნაურნი

იყვნეს ტომით და ნათესავნი ერთმანერთისანი, უძლეველნი და ძლიერნი

ბრძოლასა, მჴედარნი შუენიერნი და განთქმულნი წყობასა

მტერთასა.

 

რამეთუ წმიდაჲ და უძლეველი მოწამე დავით იყო ხილვითა

ესევითარი: გუამითა სრულ და ახოვან, არცა უზომოდ დიდ და

არცა სიმცროჲთა ნაკლულ, მადლითა სავსე და სრულ ყოვლითა

სიკეთითა და დასრულებულ წუერითა სიჴშოჲთა. იყო უკუე შუენიერ

პირითა, გრემან თუალითა, წაბლისფერ წუერითა, სპეტაკ

ჴორცითა და მცირედ ჩამოზიდულ ცხჳრითა, ძლიერ ძალითა და

სავსე სარწმუნოებითა და შემკულ ქალწულებითა. და იყო ვითარ

ოცდაათრვამეტისა წლისა.

 

ხოლო წმიდაჲ კოსტანტინე იყო შუენიერ გუამითა, მცირე

ჰასაკითა, ბრწყინვალე პირითა, გრემან და სისხლოვან თუალითა.

თმითა წაბლისფერ, ლეწილ და გრუზ, სიტყუა მკუეთრ და სწრაფით

მომცემელ სიტყუასა სიტყჳს-მკითხველთა თჳსთა, ქცევა

შუენიერ და მსწრაფლ და ქალწულებითა მორტყმულ წელნი მისნი,

და იყო ვითარ ათშჳდმეტისა წლისაჲ. მარხვითა განკრძალულ

და ურისხველობითა განმკჳრვებელნი მხედველთა თჳსთანი, ყოვლადვე

უცხო ქმნილნი ბოროტისა ტყუვილისა და ფიცისაგან, ყოვლითურთ

სახენი იყვნეს მეუდაბნოეთანი, ტაბლანი მშიერთა და

გლახაკთანი და შემწენი ობოლთანი და, რაჲთა მოკლედ ვთქუა,

სრულნი ყოვლითავე სათნოებითა.

 

ხოლო წამებაჲ მათი ესრეთ იქმნა: რამეთუ ჟამთა მათ,

ოდეს საწურთელად ნათესავისა ჩუენისა მოავლინა მახჳლი სპარსთაჲ

და ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა სამხილებელად გამოვიდა

მურვან აბულ-კასიმ ყრუჲ, დის-წული შეჩუენებულისა მის

მუამედ მაცთურისაჲ, რომელმან ცთომილყო ყოველი სარკინოზობაჲ

მტყუარითა მით სიტყჳთა, გამოილაშქრა დასაბამითგანთა

წელთა ექუს ათას ორას ორმეოცდამესამესა წელსა, ხოლო ქრისტეს

ჯუარცუმითგან შჳდას სამეოცდაათშჳდმეტსა წელსა. ხოლო

ვითარცა რაჲ მიშუებაჲ მიიღო უღმრთომან მან, რამეთუ სრულიად

მოაოჴრა ყოველი ქუეყანაჲ ჩუენი და სხუანიცა მრავალნი

ნათესავნი.

 

მათ ჟამთა შინა იქმნა შეკრებაჲ ერისაჲ, რომელნი იყვნეს

რიცხჳთ ათას სამას ოცდაათი კაცი, რომელთა თავნი იყვნეს დავით

და კოსტანტინე. და განაკრძალებდეს, რაჲთა არავინ უვარ-ყოს

ქრისტე. და ჟამსა მწუხრისასა იქმნა მოსლვაჲ სპარსთაჲ მათ

ზედა, რომელნი იყვნეს ძლიერ და თჳთმბრძოლ წინა-მსრბოლნი

ლაშქართანი რიცხჳთ ცხრა ათასი.

 

და განძლიერდა ბრძოლაჲ ვიდრე ქათმის-ჴმობადმდე და

დაეცა სპარსთაგანი ათას ორას ორმეოცდაათი კაცი და, რომელნი

დაშთეს,ძ/ლეულნი [   ] წარვიდეს.

 

და შემდგომად კუალად უგრძნულად დაესხნეს და მოსწყჳდნეს

სამსხუერპლონი იგი ქრისტესნი და რომელნიმე ტყეთა შინა

დაშთეს.

 

ხოლო წმიდაჲ დავით და კოსტანტინე შეიპყრნეს და წინაშე

მძლავრისა წარმოაყენნეს.ხოლო მათ კადნიერად აღიარეს ქრისტე.

ამისთჳსცა უწესოთა კაცთა მიერ ფრიად იგუემნეს, რამეთუ ქრისტეს

განგებულებისა საიდუმლოჲ კადნიერად აღიარეს. ამისთჳსცა

განჩინებაჲ მიიღეს, რაჲთა მდინარესა შინა, რომელ არს რიონი,

აღსასრული მიიღონ, ამისთჳს, რამეთუ ნიჭნი და აღთქუმანი მათნი

არად შეჰრაცხნეს. ხოლო წმიდათა სიხარულით შეიწყნარეს და გუამთა

მათთა განუხრწნელად დამარხვაჲ ილოცეს და ითხოვეს

ღმრთისაგან, რაჲთა, რომელნი შეეხნენ და რომელთა სახელი მათი

მოიჴსენონ, ყოველთა სალმობათაგან განიკურნნენ.

 

 

ხოლო შემდგომად ამისა იხილეს ვიეთმე მორწმუნეთა კაცთა

ნათელი საღმრთოჲ მათ ზედა გამობრწყინვებული და აღმოიხუნეს

გუამნი მათნი და დასხნეს ნარღუევსა ეკლესიისასა საკურთხეველსა

ქუეშე. ხოლო ადგილსა მას ეწოდების უთმინი, სადაცა იქმნებიან

კურნებანი ურიცხუნი სადიდებლად ღმრთისა და წმიდათა მისთა,

ამინ.

 

 

 

 წმიდათა მოწამეთა დავით და

კოსტანტინესი

 

 

რომელნი იწამნეს ქუეყანასა ჩრდილოეთისასა, სანახებსა არგუეთისსა

უღმრთოთა მიერ, დედაქალაქსა, რომელსა ეწოდების

ქუთათისი. და მოჰკიდეს ქედთა მათთა ლოდნი მძიმენი და შთაყარნეს

მდინარესა მას, რომელ არს რიონი. და სრულ იქმნა წამებაჲ

მათი და განიპო მდინარე იგი ორად.

 

ხოლო იწამნეს წმიდანი ესე მძლავრისა სპა[რ]სთა მეფისა მურვანის

მიერ, რომელსა ეწოდების ყრუ.

 

და ესე წმიდანი დავით და კოსტანტინე წვანან ჴორცითა ვიდრე

მეორედ მოსლვადმდე და, რომელნი შეემთხუევიან პატიოსანთა

ლუსკუმასა მათსა, მიანიჭებს კურნებასა სენთასა სადიდებლად ქრისტესა

და საქებელად მოწამეთა.

 

 

davit-konstantine2

 

წმიდათა მოწამეთა დავით და

კოსტანტინესი, რომელნი იწამნეს ქუეყანასა ჩრდილოჲსასა,

სანახებსა არგუეთის[ა]სა უღმრთოჲსა მის და

მძლავრისა სპარსთა მეფისა მურვანის მიერ, რომელსა ეწოდებოდა

ყრუჲ, რომელი იყო დის-წული მოჰამედ ცუდსახელისა

მოციქულისა

 

 

ხოლო იყვნეს წმიდანი ესე მოწამენი დავით და კოსტანტინე

ქართველნი, დიდნი და დიდებულნი ტომებით და მთავარნი ამის

ქუეყანისანი და თჳს-ეყვოდეს ურთიერთას. და იყვნეს განათლებულ

ემბაზითა ქადაგებისა ანდრია და სჳმიონ კანანელისაჲთა. რამეთუ

მათ უქადაგეს ქრისტე ქართველთა შორის პირველ ნინოს მისლვისა.

 

ხოლო იყვნეს წმიდანი ესე ქალწულ [ჴორცითა] და მეცნიერ

ძუელისა და ახლისა სჯულისა და სავსე სულითა წმიდითა. ხოლო

აღიძრნეს რაჲ წარმართნი სამცხით და წარმოემართნეს ქუეყანად

არგუეთად, მაშინ წმიდანი ესე იყვნეს შეკრებილ და ფრთხილ და

გალობდეს გალობასა დავითისსა, რომელ თქუა, რაჟამს, იგი ეწყუებოდა

გოლიათს. და ვითარცა იხილნეს წარმართთა წმიდანი ესე,

აღიზახნეს ვითარცა მჴეცთა და მოემართნეს. ხოლო წმიდამან დავით

სახელი ქრისტესი ფარად მიუპყრა და განაძლიერა გუნდი

თჳსი და აღიზახა ვითარცა ლომმან და ურიცხჳ მოსრეს და აღუდგინეს

ძლევაჲ დიდი ქრისტეანეთა.

 

ხოლო წმიდანი დავით და კოსტანტინე შეიპყრნეს. და უბრძანა

მოყვანებაჲ წმიდისა დავითისი და კოსტანტინესი და წარადგინნეს

ჴელშეკრულნი წინაშე უსჯულოჲსა მის. ხოლო ფრიად განიცინა

მურვან ყრუმან და ჰრქუა: “ვინანი ხართ თქუენ, ქვათა და ძელთა

მსახურნო?” მიუგეს და ჰრქუეს წმიდათა მათ, ვითარმედ: “სიცილი

და ქადილი შენი ცუდ და ამაო არს ჩუენ ზედა, რამეთუ წუთ ჟამ

არს დიდებაჲ შენი და ადრე განქარდების, რამეთუ არა ღირსებისა

შენისათჳს იქმნა ძლევაჲ შენი ჩუენ ზედა, არამედ ცოდვათა ჩუენთათჳს,

რაჲთა გუწუართნეს ღმერთმან ჴელითა თქუენ უსჯულოთაჲთა.

ხოლო წიგნი თქუენი, რომელ არს კურანი, არა სარწმუნოდ

გიპყრიეს თქუენ, რამეთუ წერილ არს კურანსა თქუენსა თქუენთჳს,

ვითარმედ: რაჟამს სცთეთ ქრისტეს სახარებასა ისეს წიგნსა, რომელ

მისცა თჳსთა მოწაფეთა, მის წიგნისაგან ისწავეთ. ესე ალი

მუჰმადის გულითადმან მოწაფემან დაგიწერა თქუენ, არამედ თქუენ

უგულისჴმონი ხართ და არა იცით წიგნისა, არც[ა] ძალი

ღმრთისაჲ, რამეთუ მუჰამედ, დაღაცათუ ცეცხლის-მსახურებისაგან

მოგაქცინა, არამედ ღმერთსა [ v  ] ვერ შეგამეცნიერნა, ვინაჲთგან

ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, რომელსა წინაწარმეტყუელნი წინაჲთვე

იტყოდეს მოსლვასა მისსა, იგი ვერ იცნა მუჰამედ და არცა თქუენ

შეგამეცნიერნა, წარსწყმდით”.

 

 

ჰრქუა მას მძლავრმან: “და ვინ გასწავა შენ წიგნთაგან ჩუენთა,

არა ღირსო ცხორებისაო?”.

 

მაშინ განრისხნა უსჯულოჲ იგი მათ ზედა და მოუწოდა მტარვალთა

უწყალოთა და ამცნო, რაჲთა ათ დღე არა ახილონ გემოჲ

პურისაჲ და წყლისაჲ და ყოველთა დღეთა სტანჯვიდენ მრავალფერითა

სატანჯველითა.

 

ხოლო ვითარცა გარდაჴდეს ათნი იგი დღენი, მოუწოდა

უღმრთომან მურვან მოგუთა და მისანთა [და] წარავლინნა წმიდათა

მოწამეთა მიმართ, რაჲთა ლიქნით უთხრან წმიდათა მათ მოქცევისათჳს

სჯულსა მათსა.

 

ხოლო ვითარცა წარვიდეს და იხილნეს წმიდანი, განლეულნი

[და] დამჭნარნი ტანჯვათა მათგან, რომელ თავს ისხნეს, [განრისხნეს

განზრახვით], ვითარმედ: ჵ, [ესე]ვითარნო, რად გიკადრებია, ანუ

რად ესრეთ შეურაცხ-გიყოფიან კაცნი ესე დიდებულნი და ქუელნი

ბრძოლათა შინა? აწ მომიგეთ სიტყუაჲ ჯეროვანი და ნუ ცუდად

გაქუს სიტყუაჲ კაცისა მიმართ და ნუ წარსწყმედთ უჟამოდ სიჭაბუკესა

თქუენსა მწარითა და ძჳრ-ძჳრითა სიკუდილითა, [არამედ

აღირჩიეთ უმჯობესი], რაჲთა იშუებდეთ ჩუენ თანა, რამეთუ მეცა

მეწყალის სიჭაბუკე თქუენი”. და უქადაგებდა დიდებათა და პატივთა

ხოლო მათ არად შეჰრაცხეს ამისა საწუთროჲსა დიდებაჲ.

 

ამისთჳსცა მიიყვანნეს წმიდანი იგი ადგილსა მას, რომელსა

შინა არს ტაძარი წმიდათა კოზმან და დამიანესი. სიტყჳსა მისებრ.

მძლავრისა განაშიშულნეს იგინი და დაჰკიდნეს თავ-დაღმართ და

ჰგუემნეს გუემითა უწყალოჲთა, არგნებითა მძიმებითა. მერმე

შეუკრნეს ჴელნი და ფერხნი მათნი და ლოდები მძიმები დაჰკრეს

ქედთა მათთა. ხოლო წმიდათა მათ ითხოვეს დროჲ და აღიხილნეს

თუალნი მათნი ზეცად მიმართ, რამეთუ ვერ ეძლო ცად ახილვად,

არცაღა მოდრეკად მუჴლთა სიმძიმისა მისგან ლოდთაჲსა, არამედ

გულითა მჴურვალითა ჴმა-ყვეს ღმრთისა მიმართ და ჴმა-ყვეს ესრეთ

“ჵ, უფალო იესუ ქრისტე, ძეო და სიტყუაო ღმრთისა მაღლისაო,

ვითარცა ისმინენ თხოვანი ჩუენნი და ღირს გუყვენ წამებასა სახელისა

შენისათჳს წმიდისა, აქ შიესმინენ თხოვანი ჩუენნი და ღირს

გუყვენ, [ვითარცა] დავიმარხენით ჴორცნი ჩუენნი უხრწნელად და

შეუგინებელად სახელისა შენისათჳს წმიდისა, ეგრეთვე შემდგომად

წამებისა ჩუენისა დაჰმარხენ ჴორცნი ჩუენნი განუხრწნელად და

დაურღუეველად და, რომელთა ხადონ სახელითა ჩუენითა სახელსა

შენსა წმიდასა, მსწრაფლ ეწიენ წყალობანი და მიეც შენდობაჲ

ბრალთაჲ და ყვენ ასონი ჩუენნი მკურნალ ყოველთა სენთა და უძლურებათა”.

 

ამის[ა] შემდგომად დაიბეჭდნეს გუამნი მათნი ბეჭდითა ცხოველს-მყოფელისა

ჯუარისაჲთა და თქუეს: “უფალო ღმერთო იესუ

ქრისტე, ჴელთა შენთა შევჰვედრებთ სულთა ჩუენთა,ამინ”.

 

მაშინ მოვიდა ჴმაჲ ზეცით აღმასრულებელი თხოვათა მათთაჲ

სასმენელად ყოველთა.

 

და შთაყარნეს წმიდანი იგი ტბასა მას და თჳთ ივლტოდეს შეშინებულნი

ჴმისა მისგან.

 

ხოლო იქმნა მას ღამესა სასწაული საშინელი, რამეთუ შთამოჴდეს

ზეცით სამნი სუეტნი ნათლისანი ტბასა მას ზედა ფრიად

ბრწყინვალედ, რამეთუ ღამესა მას უკუნსა განათლდეს ველნი და

ტყენი ბრწყინვალებისა მისგან, რომელნი გამოჰკრთებოდეს სუეტთა

მათგან ნათლისათა. განიჴსნნეს საკრველნი ჴელთა და ფერჴთა მათთაგან

წმიდათა[ჲსა] და მოეძარცუნეს ლოდნი იგი ქედთაგან მათთა

და იტჳრთნა ბეჭთა თჳსთა ზედა უსულომან მან ტბამან, ვითარცა

სულიერმან, გუამნი წმიდათა მოწამეთანი.

 

მაშინ განგებითა ღმრთისაჲთა ორნი მონანი წმიდათა მოწამეთანი,

რომელნი შეპყრობილ იქმ[ნ]ეს წმიდათავე მათ თანა და

[თანა]დახუდეს ყოველსავე ტანჯვასა და სიტყჳს-გებასა, ესენი დამალულ

[იყვნეს] ტყეთა შინა. ვითარცა იხილნეს სასწაულნი ესე და

სუეტნი ცეცხლისანი, განჰკრთეს და კადნიერ იქმ[ნ]ეს და მივიდეს

წყალთა მათ ზედა. მაშინ იცნნეს წმიდანი იგი და ორნი სხუანი

მოვიდეს დამალულნი და, ვითარცა იხილეს მათცა ნათელი იგი

და წმიდანი დავით და კოსტანტინე, მათცა იცნნეს წმიდანი იგი.

 

არამედ ეჰა კაცთ-მოყუარებაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ესმა ჴმაჲ

ზეცით, ვითარმედ: “ა[ღ]იქუენით გუამნი წმიდათა მაგათ მოწამეთანი

და წარიყვანენით ტყედ, აღმოსავლეთით კერძო და, სადა გათენდეს,

მუნ დაკრძალენით წმიდანი ეგე გუამნი მოწამეთანი, რამეთუ

მუნ არს ბრძანებაჲ უფლისაჲ.

 

ხოლო ვითარცა იყო ჴმაჲ ესე მათდა მიმართ, მაშინ იყვნეს

გუამნი წმიდათანი შუაგულსა ზედა ტბისასა მდებარენი. და აღიხუნეს

და წარმოემართნეს. [   ] და [ვითარცა] გათენდა, იპოვნეს

ნებითა ღმრთისაჲ[თა] ადგილი იგი, რომელსა ჰრქჳან წყალწითელ.

რამეთუ იყო ადგილი იგი ციხე-ქალაქ და ვერმისავალ. და

აღაშენა დიდმან ჴელმწიფემან ბაგრატ ტაძარი შუენიერი და კუბოჲ

და არიან მას შინა მდებარე გუამნი წმიდათა მოწამეთანი დავით

და კოსტანტინესნი განუჴრწნელად და უვნებელად, ვითარცა

თჳთ ითხოვეს ღმრთისაგან, და ჰკურნებენ ყოველთა ვნებულთა და

უძლურთა, რომელნი სარწმუნოებით მოილტიან ტაძარსა მისსა.

 

davit-konstantine3

ამასვე დღესა… და დავით და კოსტანტინესი

  რომელნი იყვნეს ნათესავით ქართველნი, მთავარნი და დიდებულთა

შვილნი, ძმანი ერთმანერთისანი და მთავრობდეს იგინი

ქუეყანასა არგუეთისასა. და ოდეს მოვიდა მურვან ყრუჲ და მოაოჴრა

ყოველი ესე ქუეყანა, მაშინ მჴნე იქმნნეს ახოვანნი ესე მჴედარნი

ქრისტესნი და კადნიერად წინა-აღუდგეს ბრძანებასა მისსა

და იწამნეს მის მიერ მუნვე არგუეთს.

 

და აწ წმიდანი იგი ნაწილნი მათნი ერთსა ლუსკუმასა შინა

მდებარენი არიან ჟამთა სიგრძისაგან მრთელნი და უვნებელად გებულნი

ერთსა მცირესა ეკლესიასა შინა მახლობელად ქუთათისისა და ეწოდების

ადგილთა მათ მოწამეთა. ხოლო იწამნეს წმიდანი ესე და

დიდებულნი მოწამენი დასაბამითგან წელთა ექუსი ათას ორას ორმეოცდაცხრასა,

ხოლო ქრისტეს ჯუარცმითგან შჳდას ორმეოცდაცხრასა,

ბერძენთა ზედა ლეონ ისავროჲს ხატთა ბრძოლისასა და

ქართველთა ზედა ვახტანგ გორგასლისა შვილთა მირ და არჩილისათა.

 

 

Share Button
by

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *