სვეტიცხოვლის სასწაულები

,

KARIBCHEმას შემდეგ, რაც წმინდა სიდონიამ იერუსალიმიდან ძმის მიერ ჩამოტანილი საჩუქარი გულზე მიირქვა,
გარდაიცვალა და კვართიანად დაკრძალეს, საუფლო კვართი არავის უხილავს. მისი მოძებნა სცადა მეფე არმაზელმა, მაგრამ საფლავის მთხრელთ თვალთ დაუბრმავდა. დროთა განმავლობაში დაიკარგა სიდონიას საფლავი და დაიკარგა უფლის კვართის სამყოფელიც. მაგრამ მასზე ამოსულმა კვიპაროსმა და ამავე ხისგან გამოთლილმა სვეტმა ცხოველმა დაარწმუნა ქართველები, რომ საუფლო კვართი იქვე არის დაკრძალული. ხის სვეტმა თავისი სიცოცხლე ხომ უფლის კვართისგან შეიძინა.

როცა ცამდე ამაღლებული, მერე თავისით მიწამდე ჩამოშვებული “ჰაერთა ზედა საკვირველად დამოკიდებული” სვეტის ამბავი შეიტყვეს, მთელი მცხეთა და გარეშემო სოფლების მოსახლენი დაიძრნენ არაგვისა და მტკვრის შესართავისკენ, მეფის ბაღისკენ, იქით, სადაც ეს სასწაული ხდებოდა. მათ შორის იყო ერთი ურია დედაკაცი, წარმართი კერპთმსახური კაცის ცოლი, რომელსაც თან თავისი ოთხი წლის მხოლოდშობილი ძე მიჰყავდა. ხიდზე გადასვლისას იმდენი ხალხი შეიკრიბა, რომ ამ ჭყლეტაში ბავშვი მდინარეში გადავარდა, საცოდავი დედაც თან გადაჰყვა შვილს. ატყდა ერთი ვაი და ვიში. მაგრამ საკვირველ არიან საქმენი შენნი, ღმერთო! ადიდებული მდინარის წყლის ორმა ნაკადმა დედა-შვილი შეაერთა, გამძვინვარებულმა არაგვმა ჩამოიყვანა მეფის ბაღამდე და ნაპირზე გამორიყა. ვიდრე წყალი გამორიყავდა, დედა-შვილს თავზე ნათელი ედგათ, რომელიც იცავდა მათ კლდეებზე მიხეთქებისგან. შემოეხვია ხალხი. ეკითხებოდნენ, როგორ გადარჩითო. ქალი ტირილით ჰყვებოდა: “წყალში რომ აღმოვჩნდი, საკვირველი ნათელი ვიხილე ცეცხლის სვეტის სახით, რომელიც გამოდიოდა ამ ბაღიდან, იმ ადგილიდან, სადაც სვეტია აღმართული. ამ სვეტმა მე და ჩემი შვილი შეგვაერთა და ის გულში ჩავიკარი. უვნებლად გამოვცურეთ. სვეტი, როგორც ნავს საჭე, ისე გვმართავდა. არც ღელვა შეგვეხებოდა და არც კლდესთან მიგვიშვებდა. გამოგვიყვანა აქამდე და ის ნათელი ისევ სვეტში შევიდა, საიდანაც პირველად გამოვიდა, “რამეთუ სვეტსა ამას ცეცხლისასა (სვეტიცხოველი იმ დროს “ცეცხლისა სახედ იყო შეცვალებული”) შეერთებულ არს სვეტი იგი ნათლისა, წიაღმყვანებელი ჩვენიო”.

სეფეწული ამაზასპანი რვა წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი. დედამისმა სვეტიცხოველთან მიიყვანა და წმინდა ნინოს მისი განკურნება სთხოვა. წმინდა ნინომ შეახო ხელი ნათლის სვეტს, მერე დაადო თავზე და ჰკითხა: “გრწამს იესო, ძე ღმრთისა?” ყრმამ ხმაჰყო, “მრწამსო” და მეყსეულად განიკურნა.

ერთი დიდებული სასწაულიც მომხდარა მაშინ. როცა მთელი ქალაქი სვეტიცხოვლისკენ მიემართებოდა, ერთი მცხეთელი ჰურიის სახლიდან გლოვის ხმა გამოდიოდა – მშობლები გარდაცვლილ ვაჟს დასტიროდნენ: “ვაიმე, შვილო საყვარელო, ყოველნი იხარებენ უცხოსა მის სახილველისა და სურვილით მიდიან სანახავად, შენ ვერ მოესწარი ამ სასწაულს და ჩვენი უსჯულოებისგან დააკლდი ამ სიხარულს. ჩვენც ცოცხლივ ჯოჯოხეთს მივიწივნეთ. აღდეგ მკვდრეთით, მხოლოდშობილო ჩვენო, და მივეახლოთ “უცხოდ გამოჩენილსა მას სვეტსა ნათლისასა”. ამ დროს გარდაცვლილი ყრმა გაცოცხლდა, წამოჯდა და უმალ იკითხა: – სად არის ის ცეცხლის სვეტი, რომელმაც ჯოჯოხეთის უფსკრულიდან ამომიყვანა. სასწრაფოდ იქ მიმიყვანეთო. გახარებულმა მშობლებმა წაიყვანეს შვილი სამეფო ბაღში. იმ დროს იქ იყვნენ მეფე მირიანი, დედოფალი ნანა და მთელი ერი. მკვდრეთით აღმდგარი ყმაწვილის ხილვამ განაცვიფრა ხალხი, ყველა გარს შემოეხვია. ეკითხებოდნენ, როგორ გაცოცხლდიო. ყრმა ამბობდა, “როცა მოვკვდი, მოვიდნენ ჩემთან ეშმაკები და ჩამაგდეს ჯოჯოხეთის უფსკრულში, სადაც იყო ღრჭენა კბილთა და მატლი დაუძინებელი. მეც სხვებთან ერთად ვიტანჯებოდი მცირე ხანს. ანაზდად ნათელი გამობრწყინდა ჯოჯოხეთში, ციდან ჩვენამდე ჩამოეშვა სვეტი ნათლისა, რომლის თავზეც იჯდა ის, ვინც ჩვენმა წინაპრებმა ჯვარს აცვეს. ორი ანგელოზი, ჭაბუკის სახით, ჩემთან გამოგზავნეს, სვეტიდან კი ხმა გამოკრთა: ეგ ყრმა დაუბრუნეთ მის მშობლებს, “რამეთუ მელმის გული ტკივნეულობისაგან მათისა”. მომკიდეს ხელი ჭაბუკებმა და სხეულში დამაბრუნესო”.

თამარ მეფის თანამედროვე წმინდა ნიკოლოზ კათოლიკოსი ერთ სასწაულს ჰყვება, რომელიც მასვე გადახდა თავს ყრმობაში: ბიძაჩემი სვიმონი, სანამ პატრიარქი გახდებოდა, არმაზში, წმინდა საბას მონასტერში მოღვაწეობდა. ამ დროს მე კახეთიდან მოვდიოდი. თან მახლდა ერთი კაცი, რომელიც ღვინის ტიკებაკიდებულ ცხენს მიუძღოდა. წიწამურთან მოვადექით არაგვს. მთვარის შუქზე დავინახე, კაცს თვალები დაეხუჭა. მიზეზი ვკითხე. მითხრა, მდინარეს რომ ვხედავ, თავბრუ მეხვევა და ცხენიდან ვვარდებიო. შევშინდი. გაზაფხული იყო და მდინარე ზღვასავით მოღელავდა. გამახსენდა სვეტიცხოველი, მისადმი სასოება, გადმოვხტი ცხენიდან, ქედი და მუხლი მოვიდრიკე. სასოებით ცრემლით შევევედრე სვეტიცხოველს და მცხეთის ჯვარს. მთვარის შუქზე გავხედე და მდინარეთა შესართავისკენ გავცურე სვეტიცხოველს მინდობილმა. ვერც კი გავიგე, როგორ გადავლახე მდინარე… სანამ გაღმა ვიყავი, მთვარის ნათელს ვხედავდი, ხოლო წყალში სულ სხვა ნათელს, ეკლესიის თავზე დამდგარს, რომელიც ცეცხლივით ელვარე სხივად მოჩანდა. მდინარის გადასვლის მერე კვლავ თაყვანი ვეცი ღვთის სახიერებას. სვეტიცხოველი და ჯვარი პატიოსანი “ვადიდე და ყოველნი, რომელთაცა უკვე ესმა, ადიდებდეს ღმერთსა”.

წყარო: karibche.ambebi.ge

Share Button
by

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *